საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ზუგდიდის სკოლის 87 მოსწავლეს საჩუქრები გაუგზავნეს

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ზუგდიდის სკოლის 87 მოსწავლეს საჩუქრები გაუგზავნესზუგდიდში, ტყაიას საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი საჩუქრები გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო სკოლის 87 მოსწავლეს ინდივიდუალურად გადაეცა საფრანგეთში მცხოვრები ქართველების მიერ გაგზავნილი მისალოცი ბარათები და სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრები, რომელიც ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში” საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსკა ოთარაშვილმა და ასოციაციის მოხალისეებმა გადასცა.

„დიდი მადლობა ზუგდიდის მუნიციპატილეტის მერიას მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს თანადგომისთვის. განსაკუთრებული მადლობა, ადგილობრივ ორგანიზატორს – თამარ ჩიქავას, თეო ლორთქიფანიძეს, ხოლო, ტექნიკური მხარდაჭერისთვის – ნინი ფარჯიკიას.

ასოციაცია “ქართველები საფრანგეთში” ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2016 წელს დაარსდა და მისი ფეისბუქ ჯგუფი, 27 ათასზე მეტ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველს აერთიანებს. პლატფორმა შექმნილია საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარების მიზნით.

ასოციაციია “ქართველები საფრანგეთში” არამომგებიანი, არასამთავრობო, აპოლიტიკური და არელიგიური ორგანიზაციაა და მისი კომიტეტის წევრები მოხალისეები არიან, რომლებიც მუშაობენ სამი მთავარი ხაზის პროექტებზე. ესენია: საფრანგეთში მცხოვრები ქართველების ინტეგრაციის ხელშეწყობა: ფრანგული ენის კურსები, ქართული ონლაინსკოლა საფრანგეთში დაბადებული, გაზრდილი ბავშვებისათვის და სხვ. ქართული კულტურის პოპულარიცაზია საფრანგეთში: ქართული ენისა და კულტურის ონლაინ კურსები ფრანგებისათვის, პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზება; საქველმოქმედო აქციების ორგანიზება საქართველოში: ასოციაციას, პარტნიორების ხელშეწყობით, გაგზავნილი აქვს 10 ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი საქართველოში. საკვები, ჰიგიენის ნივთები, ტანსაცმელი, სასკოლო ატრიბუტები, წიგნები და სხვ.

ასოციაციის “ქართველები საფრანგეთში” მიერ მომავალში, დაგეგმილია კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო პროექტები და იმედს იტოვებს, რომ კიდევ მრავალჯერ ესტუმრება საქართველოს სიამაყეს – სამეგრელოს! გულითად მადლობას გიხდით, ასეთი გულთბილი დახვედრისათვის მეგრელებს! გვეამაყებით, გვახსოვხართ და გვენატრებით! გილოცავთ ახალ 2021 წელს!“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ