თენგიზ ცერცვაძე – “მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი”

თენგიზ ცერცვაძე - “მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი”„მე დავწერე კიდეც ფეისბუკზე და ბევრი გაკვირვებული თვალებით მიყურებდა. თავიდან ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, მე, ამირანს და პაატას, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ და მათ ღონისძიებებს ვესწრებით. ვერ გავიგე, თუკი იურისტი ესწრება, სპორტსმენი, ხელოვანი და სხვა, ექიმს რატომ არ შეუძლია დასწრება? გაუგებარია, აუცილებლად ექიმი რატომ უნდა იყოს აპოლიტიკური და ვთქვათ, სპორტსმენი, ხელოვანი, იურისტი და მშენებელი პოლიტიკური?! მე ვიყავი და ვარ „ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ დაპირისპირება მქონდა ჯანდაცვის მინისტრთან; არა მარტო ამ მინისტრთან, სერგეენკოსთანაც“, – განაცხადა „კოვიდ-19“-ის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, მისი და მინისტრების დაპირისპირების მიზეზი იყო ინფექციური საავადმყოფოს შენობა.

„ძირითადად, შენობის საკითხზე იყო დაპირისპირება, რომ ასეთი მნიშვნელობის დაწესებულებას, რომელმაც ქვეყანას შიდსის ეპიდემია ააცილა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური და ისტორიული პროგრამის ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი იყო და, რომელიც კოვიდის ეპიდემიის გაჩენის დღიდან ინფექციასთან ბრძოლის ფლაგმანი გახდა, არ ჰქონდა შენობა. ვმუშაობდით არა ცუდ, არამედ ღირსების შემლახავ პირობებში. ადმინისტრაციულ შენობაში დღესაც წყალი ჩამოდის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის თქმითაც, ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ის, ცერცვაძის სიტყვებით, „აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება“.