გუშინ თბილისის „ევექსის“ კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდი მეათე კლასელი ლევან ბალაძეა. ის 15 იანვარს 15 წლის გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა, თუმცა მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. როგორც ოჯახის ახლობლებმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადეს, გარდაცვლილს ბავშვობიდან თირკმლების პრობლემა ჰქონდა და კატეგორიულად გამორიცხავენ კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს.
„15 წლისაა და ალბათ 10 წელია თირკმლები აწუხებდა. სად არ ჰყავდათ წაყვანილი გამოკვლევებზე მშობლებს, საქართველოსა თუ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში. ჭარბი წონაც ჰქონდა. მგონი 20 იანვარი იყო, შეუძლოდ გახდა. თირკმლები გაუჩერდა, შარდზე ვერ გადიოდა. ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქ ერთი დღე იყო და თბილისში წაიყვანეს, სადაც ერთი კვირა იყო კლინიკაში. ბოლო დღეებში გაუმჯობესდა ბავშვის მდგომარეობა, ექიმებსაც უთქვამთ მშობლებისთვის, როგორც ვიცით, უკეთ არისო და მოულოდნელად გუშინ გარდაიცვალა. არანაირი კორონავირუსი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. საოცარი ბავშვი იყო, ჭკვიანი, ზრდილობიანი, თბილი, ყურადღებიანი“, – აცხადებენ ოჯახის ახლობლები.

