,,გორმედში” 52 წლის მამაკაცი, ზურაბ დუღაძე გარდაიცვალა.
ქართლის ცნობით, ამის გამო, დღეს დილით, კლინიკის შესასვლელში ხმაური იყო.
დუღაძის ოჯახი, მამაკაცის გარდაცვალებაში კლინიკა “გორმედის” ექიმებს ადანაშაულებს. ისინი თვლიან, რომ მედიკოსებმა პაციენტი ხელოვნურად დაამძიმეს და მას მოგვიანებით, ანემიის დიაგნოზი დაუსვეს.
მამაკაცი კლინიკაში დაბალი ტემპერატურით შეიყვანეს, ის კოვიდ გადატანილი იყო და ფილტვების პნევმონია ჰქონდა. ექიმებმა უთხრეს, რომ მას ანემია ჰქონდა და დიდი რაოდენობით სისხლი გადაუსხეს.
ზურაბ დუღაძის ოჯახის წევრები, კატასტროფის ბრიგადით თბილისის კლინიკაში პაციენტის გადაყვანას ითხოვდნენ, თუმცა, მათი თქმით ,,გორმედში” კატასტროფის ბრიგადა არ გამოიძახეს, ხოლო ოჯახს განუცხადეს, რომ პაციენტი საკუთარი სახსრებით გადაეყვანათ სასურველ კლინიკაში.
“შორენა ბლიაძე არის მისი მკურნალი ექიმი, ვის ხელშიც ეს პაციენტი დაიღუპა და ვინც არასწორი მკურნალობა ჩაუტარა. თუ თავად მოაშორებენ ამ ექიმს, გავჩერდებით, თუ არა და საქმეს ასე არ დავტოვებთ”, – უთხრა რუსთავი 2-ს ოჯახის წევრმა თამარ სამხარაძემ.
“გორმედში” ბრალდებებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ პაციენტს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.
ფოტოზე: თამარ სამხარაძე

