“საქართველოს ხელისუფლებას “ფაიზერისთვის” ვაქცინის შესყიდვისთვის არ მიუმართავს” – გიორგი ჩალაძე

"საქართველოს ხელისუფლებას "ფაიზერისთვის" ვაქცინის შესყიდვისთვის არ მიუმართავს" - გიორგი ჩალაძეგენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

გიორგი ჩალაძის თქმით, სახელისუფლო წრეები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:

„ვაქცინაცია რთული თემაა. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. დავამთავროთ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ეს ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.

მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას ღია ინფომაცია და მარტივად ავუხსნათ, რომ ეს არის საჭირო მათი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ეკონომიკის გახსნისთვის. ჩვენ ამაში დაგეხმარებით.

არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან.

ჩვენ „ფაიზერისგან“ მივიღეთ წერილი, სადაც დადასტურებულია, რომ გუშინ პირველი საათის მდგომარეობით საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ვაქცინის შესყიდვისთვის არ მიუმართავს. ეს არის ოფიციალური დადასტურება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა სახელმწიფო არხების მიერ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვაქსის პლატფორმიდან საქართველოში შემოდის ვაქცინა.

ჩვენ მივმართეთ კოვაქსს პლატფორმას და მათგან მივიღეთ წერილი. ეს წერილი გახლავთ დასტური იმისა, რომ კოვაქსპლატფორმაზე „ფაიზერის“ ვაქცინა არაა.

ამიტომ როგორც მაცივრებზე ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ გამოსულიყო და ესაუბრა, ახლაც ასე უნდა ვაიძულოთ, ყველამ ერთად დაგვიანებულად მაგრამ მაინც გადადგას ნაბიჯები და გვაჩვენოს გეგმა, როგორ აპირებს ქვეყნის გახსნას და როგორ აპირებს ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

თუ მათ ეს არ იციან, ჩვენ გვაქვს მზაობა დახმარების. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა. უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე ეკონომიკის დაქოქვა და ხელმეორედ ამუშავება. ჩვენ ამისთვის მთავრობას გავუზიაებთ ჩვენს კომპეტენციასა და კონტაქტებს.

იმიტომ რომ ქვეყანა უნდა გადარჩეს“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ „მთავარის“ ეთერში.