ფოთში გურამ ახალაიას მკვლელობისთვის პოლიციამ 1 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათვქმი:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1986 წელს დაბადებული შ.პ. ფოთში დააკავეს.
დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.”
„პრაიმტაიმმა“ გაარკვია მკვლელობის მოტივი.
სისხლიანი ანგარიშსწორება წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება. საუბარია 2006 წელს მომხდარ მკვლელობაზე.
მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი, გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს.
“გია შალიკაშვილის ცხედარი წლების წინ მდინარეში იპოვეს. ბეტონის ფილები ჰქონდა მობმული. ის ტყვიით იყო მოკლული, ფრჩხილები დამძვრალი ჰქონია. მაშინ წამებით მოკლეს და ამ დანაშაულისთვის არავინ არ დასჯილა. დღეს მომხდარი ფაქტი უკავშირდება თუ არა შურისძიებას, ვერაფერს გეტყვით , არ ვიცით არაფერი“, – უთხრა “კვირას” სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მეზობელი.
2006 წლის მკვლელობაში გურამ ახალაიას ადანაშაულებდნენ, რომელიც მას შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობდა.
ახალაია საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის 2006 წელს მოკლული მამაკაცის ძმამ, შალვა შალიკაშვილმა შურისძიების მიზნით მოკლა.
შალიკაშვილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.