მეუფე პეტრე ცაავა -„ჩემი მსხვერპლი აუცილებლად გახდება მიზეზი ერის გამოღვიძების“

მეუფე პეტრე ცაავა -„ჩემი მსხვერპლი აუცილებლად გახდება მიზეზი ერის გამოღვიძების“ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა წმინდა სინოდის მიერ მის შესაძლო განკვეთას ეხმაურება და აცხადებს, რომ საეკლესიო სასამართლოს გარეშე მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს, რამდენად ფასადური ორგანოა სინოდი.

“ჩემს თავს გამოვუტანე განაჩენი, რომ სიკვდილამდე ვიბრძოლო ეკლესიაში არსებული უწმინდურობის, უკანონობის წინააღმდეგ. ამის გამო ღვთისგან ველოდები ჯილდოს, მაგრამ ჩემი მსხვერპლი აუცილებლად გახდება მიზეზი ერის გამოღვიძების. ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე ანალიზს ვერ გავაკეთებ, დაველოდოთ. მთავარია რა ხდება ზეცაში და არა ის, რა ხდება დაბნელებულ ჭაობში, წარწყმედის გზაზე მყოფ საპატრიარქოში. ესენი არიან ყველაფრის მკადრებელი ადამიანები. ამათთვის ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ეს იქნება უკანონობა. საეკლესიო სასამართლოს გარეშე მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა.

დაკითხონ მეუფე ვახტანგი, მოწმეები, ვინც ადასტურებენ იმას, რაც მე გავაჟღერე. განჩინების დაგვიანება მიანიშნებს იმაზე, რომ სრული უპასუხისმგებლობაა საპატრიარქოსგან სინოდისადმი. საპატრიარქო ბოლომდე ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს სინოდის წევრებს – სინოდი იყო ფორმალობა და მთავარია, რა დაიწერება პატრიარქის მდივან-რეფერენტის კაბინეტში”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პეტრე ცაავა მისივე განცხადებების გამო გაძევებული იქნება ეკლესიიდან.