გარდაბანში ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.
ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.
„პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რეგიონიდან კვირას გადმოიყვანეს. ის იყო ვაქცინირებული. მისი მდგომარეობა დღეს დამაკმაყოფილებელია, მსუბუქია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კომპიუტერული ტომოგრაფიის თანახმად, მისი ფილტვების დაზიანება 1 ქულასაც არ შეადგენს. ჰოსპიტალიზაციის დროს ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა, ბოლო ორი დღეა სიცხე არ აქვს. აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე, რაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და პრობლემატური არაა. ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა პისიარ ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა კოვიდ-ზე.
მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა კოვიდ-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა cკოვიდ-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა კოვიდ-19.
“მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“,- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

