თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ვაქცინაციის შემდეგ თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ეზუგბაიამ ასტრაზენეკას ვაქცინა სხვა კოლეგებთან ერთად 15 მარტს გაიკეთა.
“ყველა ვაქცინას ახლავს გვერდითი მოვლენები და არც ასტრაზენეკას ვაქცინაა ამ მხრივ გამონაკლისი, მასაც აქვს გარკვეული გვერდითი მოვლენები. ეს არის მინიმალური და საშუალო სიმძაფრით გამოხატული: ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცხელება, ართრალგია (სახსრის ტკივილი), დაღლილობის შეგრძნება. მეტნაკლებად, ეს შეიძლება გამოხატული იყოს მასში, ვინც აიცრება, ზოგთან კი შეიძლება სულაც არ იყოს გამოხატული და ძალიან კარგად გადაიტანოს.
პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით: მქონდა ტკივილი ინექციის ადგილას, ზომიერი თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება. გუშინ 24 საათი გავიდა აცრიდან და თითქოს არაფერი არ მქონია, ისე გაიარა ყველაფერმა. დღეს დილიდან სრულიად ჯანმრთელი, ენერგიული, აქტიური ვარ. ასე რომ, აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები, ძალიან მინიმალურად არის გამოხატული და ადვილად დასრულდება, ყოველგვარი გართულების გარეშე” – ამის შესახებ ეზუგბაიამ გადაცემა “ახალი დღის” ეთერში განაცხადა.
მანვე გააკეთა განმარტება ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალკოჰოლის მიღების შეზღუდვაზე.
“იმისთვის, რომ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას არ შევუშალოთ ხელი, არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში,” – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მან მიმართა ექიმებს და თხოვა, რომ გაიკეთონ აცრა და ამით პირადი მაგალითი მისცენ მოსახლეობას, რომ მათაც უშიშრად დაიწყონ ვაქცინაცია.
ამბები

