თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ავტომანქანების ხელოსანმა თამაზ მეტრეველმა საკუთარი დიზაინით ხელნაკეთი მანქანა ააწყო, რომელსაც თავისი მეუღლის სახელი ,,ელენა“ დაარქვა.
ხელოსნის მეუღლე, ელენე ხანჯალიაშვილი განმარტავს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი ერთად გააკეთეს, დღეს კი მანქანა, რომელიც თელავის ქუჩებში დადის ქართველების და უცხოელების დიდ ინტერესს და მოწონებას იწვევს.
თამაზ მეტრეველმა მანქანის აწყობა 1990 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დაასრულა. მისი მეუღლის, ელენე ხანჯალიაშვილის თქმით, ის განსხვავებული და გამორჩეული დიზაინის არის.
,,ჩემმა მეუღლემ მანქანის აწყობა 1990 წელს დაიწყო. თავიდანვე უნდოდა გაეკეთებინა კაბრიოლეტის სტილის მანქანა. ამ სამუშაოს ვასრულებდით ერთად.თავიდან ჩონჩხივით გააკეთა და შემდეგ წამოვიდა იდეა როგორი უნდა ყოფილიყო მისი დიზაინი. შეუღლების შემდეგ სამი ვაჟიშვილი შეგვეძინა და ჩემდამი სიყვარულის და პატივისცემის გამოსახატად მანქანას სახელი ,,ელენა დაარქვა’’. მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მანქანა გამოსაცდელად და შესაბამისი საბუთების ასაღებად წაიღო თბილისში და უკან საბუთებით დაბრუნდა, სადაც მანქანის სახელიც ეწერა.
.სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს მანქანა არის მსოფლიოში ერთადერთი და ორიგინალი, რომელიც მეტრეველი თამაზის გაკეთებულია’’,- განუცხადა knews.ge-ს ელენე ხანჯალიაშვილმა.
მისი თქმით, მანქანა ამ დრომდე კარგ მდგომარეობაშია და მისი მეშვეობით გადაადგილება ახლაც არის შესაძლებელი. ელენა აღნიშნავს, რომ მანქანით ბევრი ქართველი და უცხოელი პირი, ასევე კომპანიები ინტერესდებიან. მანქანა გადაღებულია როგორც ქართულ ფილმებში, ასევე სარეკლამო რგოლებში.

