ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა

ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდავაშლიჯვრის ფერდზე მეწყრის ნაწილი ჩავარდა. ამის ამსახველ ფოტოს Facebook-ზე გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს.

“ჩავარდნილა უბრალოდ, მოძრაობს სტაბილურად, მეტი არაფერი”, – წერს გოდოლაძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით არაფერი საპანიკო არ არის.

“ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვე, ორი თვე ან 20 დღე. ეს არის ჩვეულებრივ, დინამიკაში მყოფი მეწყერი, რომელიც აუცილებლად დაიძვრება და ამისთვის შესაბამისი ზომებია მისაღები, რომ პრევენცია მოხდეს. არ შეიძლება ეს მეწყერი მიწვდეს მაგალითად, ლოტკინს. ლოკალურად მოხდა ჩამოწოლა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფერდზე, ქვემოთ და არა გვერდებზე.

ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით, როდის შეიძლება ჩამოწვეს. ვაკვირდებით იმას, რომ თუ პროცესები დაჩქარდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდეს. რომ შეიძლება ჩამოწვეს დღეს, ხვალ, 1 კვირის ან 2 კვირის შემდეგ, ეს ვიცით. ახლა, რა სამუშაოებსაც ახორციელებენ, ეს არის გზაზე ბარიერების შექმნა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს მეწყრის გავრცელების სიჩქარე. შესაბამისად, რეაგირებისთვის მეტი დრო იქნება“,- განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმური აქტივობისა და უხვი ნალექის შემთხვევაში, მეწყრის გააქტიურების რისკი იქნება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ დაცურების სიღრმე არის 18 მეტრამდე. რისკი ნამდვილად არის“, – აღნიშნა გოდოლაძემ.