მაჭავარიანის, ბროწეულის, გელოვანის ქუჩები – რა შეიძლება დააზიანოს ვაშლიჯვრის მეწყერმა

მაჭავარიანის, ბროწეულის, გელოვანის ქუჩები - რა შეიძლება დააზიანოს ვაშლიჯვრის მეწყერმადედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა მაჭავარიანის ქუჩის მეწყერის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა – ანგარიშში აღწერილია სავარაუდო სცენარი, თუკი მეწყერი დაიძვრება.

დასახელებულია ქუჩებიც, რომლებიც სტიქიის რისკის ქვეშაა.

“ამჟამინდელი მონაცემებით, ფერდობიდან ნაპრალით გამოყოფილი ბლოკის სხვადასხვა უბანი ფერდობიდან სხვადასხვა სიჩქარით და მიმართულებით გადაადგილდება. კერძოდ, გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მონაცემებით, გადაადგილების სიჩქარე მერყეობს 2.6-დან 5.5 სმ-მდე. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი მიღებული შედეგების დასაზუსტებლად.

მეწყერის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა, ასეთ შემთხვევაში, მეწყერი აზიანებს მაგისტრალური წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს. რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყერის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყერის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.

მეწყერულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ, მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანის და მაჭავარიანის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე, ზედა მეწყერის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყერის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩაზე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

მეწყერის მოცულობიდან გამომდინარე (მოწყვეტილი მასა), რომელიც თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, აუცილებელია, შევაფასოთ სრული სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა ისე, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა,” – ნათქვამია დოკუმენტში.

რუსთავი 2