როგორც ვიცით, მეგი მარტო აიცრა – ამბობენ, რომ მეათე აიცრა, მაგრამ სავარაუდოდ პირველი აიცრა, – ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ბიძამ ტარიელ ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიების პროცესში ბევრი შეუსაბამო გარემოება იკვეთება.
„რაღა მეათეს გადაუღეს ის ინტერვიუ, რატო პირველს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს არ გაუკეთეს? მე არ მინახავს ვინმე გამოსულიყო და ეთქვას რამე, ინტერვიუ არ ჩანს საერთოდ. დროც არ ემთხვევა, მეგის რომელზე გაუკეთეს ვაქცინა ისიც არ ემთხვევა, მეგის აქვს გაკეთებული 12:11 საათზე და ისინი ამბობენ, რომ პირველის ნახევარზე გაუკეთეს. შეუსაბამობები ძალიან ბევრია გამოძიების პროცესში. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ვიღაც ვიღაცები არიან დაინტერესებულნი, რომ ეს საქმე სწორად არ წარიმართოს, ვიღაცას, რაღაცას ხელს აფარებენ. ვფიქრობთ, რომ კლინიკის ხელმძღვანელობაც არის ჩარეული ამაში და უფრო მაღალი თანამდებობის პირები გარეული, რომ პროცესი არ ჩაიშალოს ვაქცინაციის“, – განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მეგი ბაქრაძეს სავარაუდოდ, ალერგიული ფონი ნოემბერში გრიპზე ვაქცინაციის დროსაც დაუფიქსირდა, ხოლო რას უკავშირდებოდა კონკრეტულად კოვიდის ვაქცინის პროცესში გადაღებულ კადრებზე მის სხეულზე ასახული სიწითლე, მისთვის უცნობია.
„არ ვიცით საიდან ჰქონდა დაწითლებები, ერთი რამ ვიცით, რომ სადღაც ნოემბერში გაუკეთებია გრიპის ვაქცინა და მაშინ გადასხმები დასჭირვებია, როგორც ვიცით, მის ავადმყოფობის ისტორიაში ესეთი რაღაცები არ ჩანს“, – განაცხადა ტარიელ ბაქრაძემ.

