სიღნაღში მასწავლებელმა „დაკარგული“ საფულის გამო, მოსწავლეს სახლი გაუჩხრიკა

სიღნაღში მასწავლებელმა „დაკარგული“ საფულის გამო, მოსწავლეს სახლი გაუჩხრიკასიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს საჯარო სკოლის პედაგოგმა საფულე დაკარგა და ერთ – ერთ მოსწავლეს სახლი გაუჩხრიკა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მასწავლებელმა სკოლაში ხმაური ატეხა, ფულის მოპარვაში ერთ-ერთი მოსწავლე დაადანაშაულა, თუმცა დაკარგული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია.

მოსწავლე, რომელზეც კლასის დამრიგებელმა პედაგოგმა ეჭვი მიიტანა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდანაა.

მასწავლებლის ბრალდების და სახლის ჩხრეკის შემდეგ, დაშინებული მოზარდი მთელი დღის განმავლობაში გაუჩინარდა.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, მას პოლიციის დახმარებით მიაგნეს.

დაკარგული საფულის ძებნაში სამართალდამცავების ჩართვისა და სკოლაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, გაირკვა, რომ პედაგოგს სკოლაში ფული არ დაუკარგავს.

მოსწავლის ოჯახი მასწავლებლის სკოლიდან დათხოვნასა და მის დასჯას ითხოვს.

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლია ბეჟაშვილმა ფაქტი დაადასტურა.

„დიახ, მოხდა ეს ფაქტი სკოლაში, ჩვენ ქალბატონი გავანთავისუფლეთ კლასის დამრიგებლის პოზიციიდან და საქმის შესწავლა სკოლის დისციპლინური კომიტეტმა დაიწყო. საქმეში ჩართულია პოლიციაც, მოსწავლეც შეშინებული იყო, ახლა კარგადაა. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და თავზე ხელს არავის გადავუსვამთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

თავად პედაგოგსა და დისციპლინური კომიტეტის წევრებს, მომხდარ ფაქტზე, კომენტარის გაკეთება, არ სურთ.