„ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს…“ – ქართველ ემიგრანტს იტალიელებმა ავტომობილი აჩუქეს

„ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს...“ - ქართველ ემიგრანტს იტალიელებმა ავტომობილი აჩუქეს3 წლის წინ, ავთვისებიანი კარცენომის დიაგნოზით, 5 თვის ფეხმძიმე ჩამოვედი იტალიაში, – ამბობს ემიგრანტი თეონა სტეფანოვი, რომელიც exclusivetv.ge-ს თავისი ისტორიის გასაზიარებლად დაუკავშირდა.

,,ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ დავფეხმძიმდი, თუმცა ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. იტალიაში დედაჩემი ცხოვრობდა, გადავწყვიტე მასთან წავსულიყავი და მკურნალობა იქ დამეწყო.

დედა საქართველოში ხონის სკოლის დირექტორი იყო, თუმცა ახლა „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი) უწევს მუშაობა.

ღვთის მადლით, ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და ჩემი ოპერაციაც წარმატებით დასრულდა. ქართული დიაგნოზი, ადენომა მშვიდმა ცხოვრებამ ჩაანაცვლა და გარკვეული პერიოდით იტალიაში დარჩენა გადავწყვიტეთ.

მუშაობა ერთ ხანდაზმულ მოხუც ქალბატონთან დავიწყე, რომელიც სამწუხაროდ მალე გარდაიცვალა. მერე ხანდაზმულ იტალიელ ცოლ-ქმართან ვმუშაობდი. მათთან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარი შვილიშვილი და არა ვიღაც, უთვისტომო, ვინც 3.000 კილომეტრიდან ჩამოვიდა.

ორი კვირის შემდეგ, “ბებია” მარიზამ მკითხა, ავტომობილის ყიდვას ხომ არ აპირებთო? – ვუპასუხე კი, მაგრამ ჯერ სხვა გეგმები გვაქვს განსახორციელებელი. მეორე დღეს სამსახურში მივედი და მითხრეს, რომ გადაწყვიტეს, მათი ავტომობილი მე მაჩუქონ.

ეს იმდენად მოულოდნელი იყო გავოცდი, მე მათთვის, ამ სიკეთის საფასური ნამდვილად არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მომენტი, როცა მადლიერების სიტყვები ზედმეტი იყო.

იმ ქართველებს მინდა, მივმართო, ვინც იტალიაში ბადანტედ მუშაობს და ოჯახებში თავს ცუდად გრძნობენ, ან ცუდად ეპყრობიან. ნუ ფიქრობთ, რომ ყველა იტალიელი ერთნაირია. თქვენც გაგიმართლებთ, თქვენს ცხოვრებაშიც შემოვლენ კარგი იტალიელები, რადგან ცოტანი არ არიან.