გიორგი გახარიას მეუღლემ 2020 წელს საფრანგეთში 472.400 ევროდ ბინა იყიდა

გიორგი გახარიას მეუღლემ 2020 წელს საფრანგეთში 472.400 ევროდ ბინა იყიდაექსპრემიერმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის თანახმად მისმა მეუღლემ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს პარიზის მახლობლად, Le Perreux-sur-Marne-ში ბინა შეიძინა. ბინის ნასყიდობის ღირებულებად 472.400 ევრო არის მითითებული, ფართობი კი 83 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ექს-პრემიერის ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა. გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია, წინა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, “საქართველოს ბანკში” 538 ათასი დოლარის მოცულობის დანაზოგს ფლობდა.

საფრანგეთის გარდა გიორგი გახარიამ 2020 წელს უძრავი ქონება საქართველოშიც შეიძინა. მან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 2,290 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა. მიწის საფასურის ანაზღაურება განვადებით ხდება და მასში 2020 წელს გახარიამ 25,000 ლარი გადაიხადა.

საფრანგეთში უძრავი ქონების შეძენის შემდეგ, გიორგი გახარიას საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა 14.5 ათას ლარამდე შემცირდა.

ექსპრემიერმა ქონებრივ დეკლარაციაში 2020 წლის ანაზღაურებად 41,000 ლარი მიუთითა.

გახარია დღეს, საკუთარი პოლიტიკური პარტიის – “საქართველოსთვის” პრეზენტაციას გამართავს. პარტიის დამფუძნებელი ღონისძიება 17:00 საათზე არის დაგეგმილი.

ბიემჯი