16 წლის რუსთაველმა ნიკოლოზ კოწიწაშვილმა 50.000 ევროს დაფინანსება მოიპოვა – 95 ქვეყნის 3.300 უნივერსიტეტი მას უგამოცდოდ ჩარიცხავს

16 წლის რუსთაველმა ნიკოლოზ კოწიწაშვილმა 50.000 ევროს დაფინანსება მოიპოვა - 95 ქვეყნის 3.300 უნივერსიტეტი მას უგამოცდოდ ჩარიცხავსრუსთაველმა 16 წლის ბიჭმა 50.000 ევროს დაფინანსება მოიპოვა.

სკოლა „ლაზარეს“ მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ კოწიწაშვილი მომავალი წლიდან სწავლას თბილისში, საერთაშორისო დონის ინგლისურენოვან New School-ში განაგრძობს.

16 წლის ბიჭმა სკოლაში მოსახვედრად ჩააბარა საკმაოდ რთული გამოცდები ინგლისურ ენასა და მათემატიკაში (ინგლისურ ენაზე) და ასეთივე წარმატებით გაიარა გასაუბრებაც, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდა.

მე-10 კლასის მოსწავლემ უმაღლესი ქულების მიღებით ევროკავშირისგან 50.000 ევროს ოდენობით სწავლის სრული კურსის დაფინანსება მოიპოვა.

ნიკოლოზ კოწიწაშვილი ინგლისურენოვან სკოლაში IB პროგრამას შეისწავლის, სწავლის დასრულების შემდეგ კი, მას აქვს უფლება IB დიპლომით მსოფლიოს 95 ქვეყნის 3.300 უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხოს და უმაღლესი განათლება მიიღოს.

16 წლის ბიჭი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და საერთაშორისო პროგრამა „დიპლომატია და სტრატეგიული კომუნიკაციების“ მონაწილეა.

იგი იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის სხდომაზე. მუშაობდა სხვადასხვა სოციალური კონფლიქტის პროექტზე და მიწვეული იყო ამ თემებთან დაკავშირებით სასაუბროდ ტელე-რადიო გადაცემებში.

როგორც “ინფო რუსთავს” ნიკოლოზ კოწიწაშვილმა განუცხადა, მას ჯერჯერობით შერჩეული არ აქვს, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, თუმცა იცის, რომ უმაღლესი განათლების მიღება გერმანიაში, საერთაშორისო კავშირების განხრით სურს.