ძმები სულაკაურების 86 წლის დედამ პარაპლანით იფრინა

ძმები სულაკაურების 86 წლის დედამ პარაპლანით იფრინაიზო სულაკაური საზოგადოებისთვის ცნობილი ძმები სულაკაურების დედაა. ის, რომ ბაკური, ზურა და ზალიკო შემდგარი კარიერის მქონენი არიან, სწორედ მისი და მისი მეუღლის, დრამატურგ ვალერიან სულაკაურის დამსახურებაა.

ქალბატონმა იზომ კი, ახლახანს, საზოგადოების ყურადღება, თავისი დიდი სიმამაცით მიიქცია. 86 წლის ფიზიკოსმა ოცნება აისრულა და პარაპლანით იფრინა. ოცნების ახდენაში კი, ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს, “დიდების შოუ” დაეხმარა.

“შვილები გადაჩრდილა” – “პრაიმტაიმთან” ასე აფასებს დედამთილის სიმამაცეს ზალიკო სულაკაურის მეუღლე, ნინო განუგრავა. ქალბატონი იზო კი თავის ცხოვრებაზე გვიყვება და იმ შინაგანი თუ ფიზიკური სიძლიერის რეცეპტს გვიმხელს, რამაც ასე აღტაცებაში მოგვიყვანა ყველა.

იზო სულაკაური: – გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში გამოთვლითი მანქანების ინჟინერი გახლდით. მაშინ კომპიუტერები გრანდიოზულ ზომებში იყო. გამოდის, რომ პირველ კომპიუტერთან, იმ დროს, მე მქონდა შეხება.

რაში დამეხმარა ფიზიკოსობა და ოთხი შვილი მყავს, გაჭირვება იყო და აბიტურიენტებს ვამზადებდი. ფიზიკოსობა, ამ მხრივ, ძალიან გამომადგა. ოთხი შვილი მაშინ იყო გმირობა, თორემ ახლა შედარებით იოლია ბევრი შვილის ყოლა. ჩემს ქალიშვილს შვიდი შვილი ჰყავს. ლელა პოეტის და მწერლის, ბესიკ ხარაულის რძალია. მწერალი ხომ როგორია და პიროვნულად საუკეთესოა. ადამიანური და უჭკვიანესი კაცია ბესიკი.

ოთხივემ ის სფერო აირჩია, რაც უნდოდათ. მე არასდროს ჩავრეულვარ მათ მისწრაფებაში. ბაკური უჭკვიანესია. მათემატიკის ფაკულტეტი დაამთავრა, პედაგოგიურ საქმინაობას მიჰყო ხელი. შემდეგ გამომცემლობა დააარსა. ლელამ შვილების აღზრდა “იტვირთა”, ტყუპები – ზურიკო და ზალიკო მხატვრები არიან. ძალიან ერთნაირები იყვნენ, ერთდროულად უნდოდათ ჭამა და ყველაფერი. მხოლოდ ხალით განსხვადებოდა ერთი – მეორისგან, ამით არჩევდნენ. ზურას აქვს კისერში ხალი, ახლა კი წვერი უფარავს და ეს განსხავვებაც დაფარულია. ოთხ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით და ყველა კედელი დახატული ჰქონდათ. მე ამას არ ვუშლიდი და ამით ვუწყობდი ხელს.

მეუღლე, ვალერიან სულაკაური დრამატურგია, “თუში მეცხვარის” ავტორი გახლავთ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, კინოსტუდიაში და ტელევიზიაში მუშაობდა. ჭიჭიკო ბენდელიანის სახელობის საფრენოსნო სკოლა აქვს დამთავრებული. რამდენჯერმე გადმომხტარა პარაშუტით და სულ მიზიარებდა შთაბეჭდილებას, თუ რა კარგი რამ იყო. მეც ყოველთვის მინდოდა ამ შეგრძნებას დავუფლებოდი.

ბავშვობიდან აქტიური ვიყავი. პარადებზე, ზეიმებზე ყოველთვის გამოვდიოდი სპორტული აქტივობით, ყირავს ვჭიმავდი… სხვათა შორის, ყირაზე გადასვლა ახლაც შემიძლია. ამას წინათ ვცადე, მაგრამ შპაგატში ჩაჯდომა არ გამომივიდა.

დიდი სიამოვნება მივიღე ფრენით. თითქოს ჩიტი გგონია თავი, მსუბუქი ხარ. მანამდე ვფიქრობდი, ნეტა, თუ მეშინია რამის-მეთქი? შიშის ოდნავი შეგრძნებაც კი არ დამუფლებია. წყაროსთავში, ახლაც, 86 წლის ასაკშიც, ბლის და ალუბლის ხეებზე დასაკრეფად ავდივარ. კენწეროში მოვექცევი ხოლმე. პარაპლანით ფრენა მართლა ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ყველამ უნდა გამოსცადოს.

თავიდანვე უნდა ავარჯიშოთ სხეული. მერე, ასაკში, მოდუნებულია და უჭირს გააქტიურება. უნდა იყოჩაღოთ, ბევრი იაროთ. ერთადერთი ცურვა არ ვიცი. სტუდენტობის დროს, ამხანაგმა ტბაში ჩამაგდო, ვიხრჩობოდი. მას შემდეგ წყალში ჩასვლის სურვილი აღარ მქონია.

მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ. ერთმანეთს ვუფრთხილდებით. მას ეშინია, მე პირველი არ წავიდე ამ ქვეყნიდან და მარტო არ დარჩეს. მეც ასე ვარ. ამიტომ ერთმანეთს შევყურებთ.

ცხოვრების ხელახალი დაწყების სურვილი არ მაქვს. ყველანაირი ცხოვრება განვლე. ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, გაჭირვება გამოვიარეთ, შვილები გზაზე დავაყენეთ. ამ გადასახედიდან, ყველაფერი კარგად წარიმართა.

ცხოვრება წუთისოფელია. თუმცა ერთი ცხოვრება, მაინც სრულიად საკმარისია. აქ რა გვხვდება, ჩვენ ეს დაბადებამდე არ ვიცით, არც ის ვიცით, საიქიოში რას უნდა ველოდოთ. ამიტომ მთავარია, აქ სიკეთეები ვაკეთოთ. ისე ვიცხოვრე, დედამიწის ზურგზე მომდურავი არავინ მყავს. ან თუ რაიმე ვაწყენინე და ბოდიში არ მოვუხადე, მსგავსი არავინაა.

დრო მალე გაირბენს, მალე გადავალთ სხვა სამყაროში, ამიტომ ჩვენივე სიკეთეების ამარა ვართ აქაც და იქაც…

პრაიმნიუსი