თბილისის სამ უბანში, გლდანში, მუხიანსა და ვარკეთილში, ასევე ქალაქ სენაკში გაზი ძვირდება. 37 ათასი აბობენტი გაძვირებულ საფასურს 1-ლი ივლისიდან გადაიხდის. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე მიიღო.
სემეკის ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების კორექტირებული ტარიფები ძალაში პირველი ივლისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
ცნობილია, რომ შპს „გასკო +“ ქ. სენაკში ოპერირებს და 9 000-მდე აბონენტს ემსახურება. შპს „ვარკეთილაირი“ ქ.თბილისში ოპერირებს, ვარკეთილში 16 000-მდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ოპერირებს ქ. თბილისში, გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონში 12 000-მდე აბონენტს ემსახურება.
„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს.
შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს.
სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.
მთავარი