გორში მწერალი და რედაქტორი ზაურ წაქაძე გარდაიცვალა

გორში მწერალი და რედაქტორი ზაურ წაქაძე გარდაიცვალა84 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ჟურნალისტი და რედაქტორი ზაურ წაქაძე, რომელოც ბოლო წლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ცხოვრობდა.

ის წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა, თუმცა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები, შიდა ქართლში გაატარა.

– უკანასკნელი ათი წელია, ფხვენისში ვცხოვრობ. სოფელი ჩემი სიზმრების სამყაროა, რომელსაც სიკვდილამდე არ მოვშორდები, – ასე უთხრა ,,გორის მაცნეს” ჟურნალისტს ზაურ წაქაძემ 2014 წელს.

ეს ის გაზეთია, რომელსაც მანამდე ,,გორის მოამბე” ერქვა და რომელიც 1994 წელს დააარსა.

– გაზეთის დაარსების იდეა 1994 წელს გაჩნდა. მახსოვს, წკრიალაშვილმა და ხაჩიურმა (ზურაბ წკრიალაშვილი _ გორის იმჟამინდელი გამგებელი; თემურ ხაჩიური _ იმჟამად გამგებლის მოადგილე) მითხრეს, ჩვენთან ურთიერთობის დამყარებას არცერთი გაზეთი აპირებს, რატომღაც მონსტრებად მივაჩნივართ და გვინდა, ჩვენი გაზეთი გვქონდესო. გაზეთს მითითებული ჰქონდა, რომ გამგეობის დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ რაც გვინდოდა, მაინც იმას ვბეჭდავდით და უკან არაფერზე ვიხევდით, – ამბობდა ზაურ წაქაძე ,,გორის მაცნესთვის” მიცემულ ინტერვიუში.

2006-2007 წლებში ურთიერთობა დაეძაბა ადგილობრივ ხელისუფლებასთან:

– ჩემი რედაქტორობით გამოცემულ ბოლო ნომერში პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილი დაიბეჭდა. გაზეთი მაშინდელი ხელისუფლების დამქაშებმა  გავრცელებამდე დამიწვეს. მომდევნო 4 თვის განმავლობაში, “გორის მოამბე” აღარ გამოსულა, – იხსენებდა ზაურ წაქაძე.

ქართლი