ჯაკო უგრეხელიძის კაბინეტში საიდუმლო ვაქცინაცია მიმდინარეობს?

ჯაკო უგრეხელიძის კაბინეტში საიდუმლო ვაქცინაცია მიმდინარეობს?საქართველოში ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, იატაკქვეშ, არალეგალურად მიმდინარეობს. სად გაქრა  ვაქცინა – ამ შეკითხვას პასუხს აუდიტის სამსახურმა უნდა გასცეს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ როგორც “ფაიზერის”, ასევე “ასტრაზენეკას” 5 ათასამდე დოზა გამქრალია.

საქართველომ სულ 86.600 დოზა ვაქცინა მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ დანაკარგი 3%-ია, რაც 2.580 დოზას შეადგენს.

ტვ პირველის შაბათის ეთერს სანდო წყარო უყვება, რომ ამ დოზებით პრივილეგირებული მოქალაქეები რეგისტრაციის გვერდის ავლით აცრეს. მათ ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოში აგზავნიდა, რადგან ამ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მათთვის სანდო კადრს აბარია.

არარეგისტრირებული მოქალაქეებისთვის ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ახლო მეგობარი აკონტროლებს. ჯაკო უგრეხელიძე ტიკარაძის მოადგილის,თამარ გაბუნიას მეგობარია და მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის მიმართულება ჩააბარეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯაკო უგრეხელიძის კაბინეტში არარეგისტრირებული მოქალაქეები იცრებოდნენ.

სქემა ასეთია –  დოკუმენტებში აფორმებდნენ, რომ, მაგალითად, “ასტრაზენეკას” 7 დოზა გამოიყენეს, დანარჩენი 3 კი გაფუჭდა.

შაბათის ეთერის ინფორმაციით, “ასტრაზენეკას” გაფუჭებულად გაფორმებული 2.500-ზე მეტი დოზიდან ყველაზე მეტი – 700 ერთეული დოზა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე მოდის. ეს დოზები 350 ადამიანის ვაქცინაციისთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ამბობს, რომ ვაქცინების გაქრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.

ტვ პირველი