“მას მთელი გურია დასტირის” – მამა თომა სიხარულიძეს სიყვარულისფერ მოძღვარს ეძახდნენ

"მას მთელი გურია დასტირის" - მამა თომა სიხარულიძეს სიყვარულისფერ მოძღვარს ეძახდნენმამა თომა სიხარულიძე, რომელიც კოვიდ 19-ით გარდაიცვალა, ჩოხატაურის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალაქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო გიმნაზიას.

მშობლიური ქალაქი დასტირის და გლოვობს თავის საყვარელ და გამორჩეულ მოძღვარს.

“პრაიმტაიმს” მოძღვრის ახლობელი, ნათია სადრაძე უყვება, რომ ბათუმიდან  მამა თომა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც მას ლევან რატიანიც მკურნალობდა.

ნათია სადრაძე: – ლევან რატიანი იმედისმომცემ კომენტარებს აკეთებდა. ამბობდა, მკურნალობა როგორ წავა, ეს პაციენტზეც არის დამოკიდებულიო. თუმცა მამაო იმდენად დაუძლურდა, რომ ბრძოლის უნარი აღარ შესწევდა. შემდეგ ამერიკულ კლინიკაში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. თუმცა გადაყვანიდან რამდენიმე დღეში, ის გარდაიცვალა. მოძღვრის ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო…

მთელი ჩოხატაური გლოვობს მამა თომას. პატარა ქალაქში რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვლება, ის მთელ ქალაქს აკლდება, ყველა მისტირის. ადამიანს ვერ იპოვით, რომ მასზე რაიმე აუგი დასცდეს. ყველას უყვარდა ეს უთბილესი და უსაყვარლესი მოძღვარი.

ფრაზა, რომლითაც მამა თომას ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი გიმნაზიის ერთ მასწავლებელს ეკუთვნის, რომელმაც მას “სიყვარულისფერი მოძღვარი” უწოდა. ეს სახელი ზუსტად მისი შესაფერისია, ის სიყვარულისფერი იყო…

პრაიმ ტაიმი