რატომ უნდა ავიცრა, თუ კოვიდი მაინც შემხვდება? – დაავადებათა ცენტრის განმარტება

რატომ უნდა ავიცრა, თუ კოვიდი მაინც შემხვდება? - დაავადებათა ცენტრის განმარტებამოქალაქეები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ ინფიცირდება სრულად ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსით და „მაშინ რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც უნდა დაავადდე?“

„კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანს იცავს კორონავირუსის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. თუმცა არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისგან“, – განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

როგორ გვიცავს ვაქცინა?
იმუნური სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმის დაცვას, კერძოდ, გამომუშავდება ანტისხეულები, იგივე Y-ის ფორმის პროტეინები, რომლებიც ეკრობიან მიკრობებს და ანეიტრალებენ მათ.

ანტისხეულებს ადამიანის ორგანიზმი სწორედ ვაქცინიის შედეგად გამოიმუშავებს. თუმცა მას ამისთვის დრო სჭირდება – ანტისხეულებს ორგანიზმი აცრის შემდეგ დაუყოვნებლივ არ გამოიმუშავებს: ვაქცინის 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით, უზრუნველყოფს 79% ეფექტურობას კლინიკურად გამოვლენილი კოვიდ 19-ის  წინააღმდეგ მეორე დოზის მიღებიდან 14 ან მეტი დღის გასვლის შემდეგ.

სწორედ ამიტომ, არსებობს სრულად ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების მცირე რისკი, რომელიც მოსალოდნელია არამხოლოდ კოვიდის, არამედ ნებისმიერი ვაქცინაციის შემთხვევაში.

ვაქცინირებული პირების დაინფიცირების რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. პირველი ის, რომ  ყველა ადამიანის იმუნური სისტემა განსხვავებულია, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემები, გარკვეული მედიკამენტების მიღება (მაგალითად,  იმუნოსუპრესანტები) ან ასაკი.

ხანდაზმულ ასაკში ადამიანის იმუნური სისტემა ვეღარ რეაგირებს ახალ ანტიგენებზე და ვაქცინებზე, ისე როგორც ახალგაზრდა ასაკში.

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ბათუმელები