საბერძნეთში 26 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპა

საბერძნეთში 26 წლის ქართველი მამაკაცი დაიღუპასაბერძნეთში მომხდარ წყალდიდობას ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტის სიცოცხლე შეეწირა. 26 წლის კაცის გადარჩენა ბერძენმა ახალგაზრდამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა – ამ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ქართველი მამაკაცი დაიღუპა.

“თესალონიკში, მიტილინის ქუჩაზე, 26 წლის ქართველი ბიჭი წყალდიდობის გამო დაიღუპა. ის მოვარდნილ ნიაღვარში მოხვდა და სამწუხაროდ, რეაგირება ვერ მოასწრო, ისე გაიტაცა წყალმა და შედეგად დაიხრჩო.

ირკვევა, რომ ამ ამბავს ჰყავს გმირი, 22 წლის ბერძენი ბიჭი, რომელმაც, როგორც კი ქართველი ახალგაზრდის სხეული დაინახა, წყალში გადახტა და მის გამოყვანას ცდილობდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

“როგორც კი დავინახე, რომ იქ ადამიანი იყო, მაშინვე გავიქეცი. ვფიქრობდი, ახლა მას ვხედავ, აქ არის, რამდენიმე წუთში კი, ამგვარი დინების გამო, შესაძლოა თვალთახედვიდან დავკარგო და მერე საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძლოთ,” – ამბობს 22 წლის თანასი ცალტამპასი.

ახალგაზრდამ სხვებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, 26 წლის ქართველი ბიჭის ნიაღვრიდან გამოიყვანა და სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე პირველადი დახმარების გაწევა სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

ამ ყველაფრის გაკეთება უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყალმა წალეკა მანქანებიც კი, ადამიანის წონა კი ამ შემთხვევაში არაფერი იყო.” – წერს გამოცემა.

პრაიმ ტაიმი