18 თვის ქართველ გოგონას აპულიაში, სან ჯოვანი როტონდოს საავადმყოფოში ნეიროქირურგებმა 10-საათიანი ოპერაციის შედეგად მთლიანად მოაცილეს ტვინის სიმსივნე, რომელსაც თავის ტვინის მთელი მოცულობის მეოთხედი ეკავა.
ახლა პატარა სესილი უკეთ გრძნობს თავს. გოგონა იტალიაში მარტის ბოლოს ჩავიდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავის ახალგაზრდა მშობლებთან – 22 წლის ნინოსა და 23 წლის იოსებთან ერთად.
მხედველობის პრობლემების გამო საქართველოში მას МRI გაუკეთეს და თავის ტვინში დიდი ზომის უცნობი სიმსივნე აღმოაჩინეს.
სან ჯოვანი როტონდოს რადიოლოგიის განყოფილებაში გაირკვა, რომ სიმსივნე თავის ტვინის 1/4-ს იკავებდა, რაც ძალიან სარისკო მდგომარეობა იყო.
– გადავწყვიტეთ, დაუყოვნებლივ გაგვეკეთებინა ოპერაცია ბავშვისთვის, რათა სიმსივნე მოგვეშორებინა და თავიდან აგვეცილებინა გარდაუვალი სიკვდილი კომპრესიული ეფექტის გამო, რომელსაც სიმსივნე ახდენს ტვინზე, – განმარტავს ლეონარდო გორგოლონე, Casa Sollievo-ს ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი. – ეს ძალიან რთული ოპერაცია იყო, რადგან სიმსივნემ თავის ქალის და ტვინის ანატომიური სტრუქტურა შეცვალა. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ქირურგს, ანესთეზიოლოგებს და საოპერაციოს მთელ პერსონალს, რომლებმაც საშუალება მოგვცეს, წარმატებით მოგვეცილებინა 6სმ x5 სმ სიდიდის სიმსივნე.
სანამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ, პატარა სესილის სწორი მეტაბოლური ბალანსი უნდა აღუდგეს და ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი დაურეგულირდეს.
სესილის დედა ნინო და მამა იოსები მადლობას უხდიან ყველას, ვინც მათ გვერდით იყო, აგრეთვე, მადლობას უხდიან იტალიურ ოჯახებს, რომლებიც თავიდანვე გვერდში დაუდგნენ.
ნოსტალ ჯი

