ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
სოფია კენჭიაშვილი ამბობს, რომ კეკელიძე სისტემატურად სთხოვდა შიშველი ფოტოების გაგზავნას.
„პირველი წიგნი რომ დაიბეჭდა, „გურული დღიურები“, ამასთან დაკავშირებით მივწერე ერთხელ, მინდოდა მეგობრისთვის მეჩუქებინა. ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, 2014 წლის დასაწყისი იყო. ვიყიდე წიგნი და მივედი მასთან ბიბლიოთეკაში. აქედან დაიწყო: „სურათები გამომიგზავნე“. მეუბნებოდა, სექსუალური სურათები გამომიგზავნეო, ოღონდ ამას აკეთებდა ძალიან შეპარულად.
შემდეგ უკვე ღიად მეუბნებოდა- „ფლეიბოისთვის გადაიღე და ერთი ფოტო ჩემთვის რა გახდა?“. უნდოდა, რომ ნუდი [შიშველი ფოტო] გადამეღო მის წიგნთან ერთად და ზუსტად ვიცი, ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს სთხოვა“, – ამბობს სოფია კენჭიაშვილი.
„2016 წელი იყო, ფეხმძიმედ ვიყავი, მომიკითხა ჩვეულებრივად და ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი. „ახლა მაინც დამანებე თავი“ – ამ განწყობით მივწერე. ფოტოებს რატომ არ მიგზავნიო, მიპასუხა. ძალიან გამიკვირდა, გეუბნება ქალი, რომ ფეხმძიმედ არის, ჰყავს ესე იგი პარტნიორი და ჩვეულებრივად უგრძელებ ისე, რომ შენი სექსუალური ფოტოები მომეციო. არ ვუპასუხე არც მაშინ და არც შემდგომ“.
გიორგი კეკელიძემ მომხდარზე ასე დაწერა:
„ჩემს ცხოვრებაში წლების წინ (თუმცა წლებს მნიშვნელობა ნაკლებად აქვს), იყო სრულიად მიუღებელი დრო. სრულიად. ამას ვერ ვაცნობიერებდი მაშინ – ოდნავაც, მაგრამ დღეს გეტყვით პირდაპირ და უხეშად – გული მერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა. ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – ,,გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ“.
ნეტგაზეტი

