მამა ელიზბარი (ოდიშვილი)  – 40 წელი მღვდლად კურთხევიდან

მამა ელიზბარი (ოდიშვილი)  - 40 წელი მღვდლად კურთხევიდანჟურნალისტი სერგო კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„2021 წლის 2 აგვისტოს თბილისის ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის დეკანოზ ელიზბარ ოდიშვილს მღვდლად კურთხევიდან საიუბილეო 40 წელი სრულდება.  იგი თავად მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ აკურთხა მღვდლად.

კომუნისტური რეჟიმის დროს ურთულესი იყო  ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობა და ხშირად მათი თითოეული ქადაგებაც კი საბჭოთა უშიშროების ყურადღების ქვეშ ექცეოდა. როგორც მამა ელიზბარი იხსენებს, ათეიზმის ბატონობის დროს არაერთხელ მომხდარა, რომ ქვაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსულს „კაგებეს“ თანამშრომელი დახვედრია კითხვებით თუ რატომ იქადაგა ამა თუ იმ თემაზე, რაც კომუნისტური იდეოლოგიით „ანტისაბჭოურად“ ითვლებოდა.

იმდროინდელ მცირერიცხოვან ქართველ სასულიერო პირებს შორის გამორჩეული იყო ქვაშვეთის მოძღვარის – მამა ელიზბარის ღვაწლიც, რომელმაც მის უწმინდესობასთან, მღვდელმთავრებთან, სხვა სულიერ მოძღვრებთან და მრევლთან ერთად არაერთი ის მძიმე განსაცდელი თუ ქარტეხილი გამოიარა, რაც ეროვნული მოძრაობის დაწყებიდან საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ გადაიტანა… მის თვალწინ მოხდა 9 აპრილის ტრაგედია, თბილისის ომი და პირველი პრეზიდენტის დამხობა.

მამა ელიზბარმა რუსთაველის პროსპექტზე ტყვიების ზუზუნში უზენაესი საბჭოს ალყაშემორტყმულ შენობაში შესვლაც მოახერხა და გაამხნევა ტყვეობაში მყოფი ადამიანები, ხოლო პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ მებრძოლებს არ მისცა ქვაშვეთის ტაძრის ეზოში პოზიციების დაკავების შესაძლებლობა…“