სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოში

სად არის ყველაზე სუფთა ზღვის წყალი საქართველოშიაჭარის ზღვის აკვატორიაში ჩატარებული კვლევებით, ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ,,კომერსანტს“ აჭარის ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსმა გურანდა ბაგრატიონმა უთხრა. მისი ინფორმაციით, სანაპირო ზოლში, 13 ივლისს სხვადასხვა ადგილას აღებული სინჯების მიხედვით, ზღვის წყლის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე კვლევით დადასტურდა, რომ ყველაზე სუფთა წყალი კვარიათში, სარფში, გონიოსა და ბობოყვათშია.

,,ზღვის წყლის სინჯების აღება მთელი წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის განსაკუთრებით ზაფხულში ვატარებთ პერიოდულად. ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგი დამაკმაყოფილებელია. კვლევა მოიცავს ბათუმის ცენტრალურ სანაპიროს, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიას, კვარიათს, სარფს,  მწვანე კონცხს, ბარცხანას, ბობოყვათსა და ქობულეთის ცენტრალურ სანაპიროს. მართალია, ზოგიერთ ადგილას ბაქტერიული მონაცემები მაღალია, მაგრამ ზღვრულ ნორმას არ აღემატება. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ბათუმის ცენტრალური სანაპირო და ბარცხანა, სადაც მეტი დაბინძურებაა, მაგრამ ნორმაშია და ამ მხრივ საშიში არ არის, დამსვენებელს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გურანდა ბაგრატიონმა.

მისივე განმარტებით, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების მაჩვენებლის ნორმა ზღვის წყლის 1 ლიტრში არის  10 000, ხოლო კვლევის შედეგით, ეს მაჩვენებელი ზოგიერთ ტერიტოპრიაზე მაქსიმუმ 2400–დან მინიმალურ მაჩვენებლებამდე მერყეობს.

,,ზღვის წყალი ყველაზე სუფთაა კვარიათში, სარფში, ბოლოყვათსა და მწვანე კონცხზე.  ქობულეთშიც მეტნაკლებად ნორმაშია. სიტუაცია თანდათან უმჯობესდება, დაბინძურების კერები კიდევ არსებობს, მაგრამ აშკარად უკეთესი სიტუაციაა იმასთან შედარებით, რაც ბოლო წლებამდე იყო. გარდა ამისა,  2021 წლის მონაცემით, ჩამდინარე წყალზე არ გვქონია მომატებული შემთხვევები, გასულ წლებში გვქონდა. ბოლო სინჯი ჩამდინარე წყლებზე გავაკეთეთ 13 ივლისს. ხარისხთან დაკავშირებით, რა მონაცემებიც გვაქვს, დამაიმედებელია, შეიძლება თქმა, რომ საბანაო წყლის ხარისხი ნორმასთან შესაბამისობაშია“, – თქვა ,,კომერსანტთან“ საუბარში ბაგრატიონმა.