საქართველოში ფაიზერის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება – “დარეგისტრირდით 24 ივლისის 12 საათამდე”

საქართველოში ფაიზერის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება - "დარეგისტრირდით 24 ივლისის 12 საათამდე"დღეიდან, 23 ივლისიდან საქართველოში “ფაიზერის” მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იწყება. ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, საიტზე 24 ივლისის 12 საათამდე დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მათ ავტომატურად დაარეგისტრირებს.

“მივმართავთ თხოვნით, რომ ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა, აქ რა თქმა უნდა ჩვენ ვაძლევთ მოქნილობას ჩვენს მოქალაქეებს და მათ, ამ ჯავშნის მიღების შემდეგ, ექნებათ საშუალება შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა უბრალოდ შედარებით მოგვიანებით”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ის ცვლილებები ჩამოთვალა, რაც საიტის შეუფერხებლად მუშაობისთვის შეიმუშავეს.

ტიკარაძის თქმით, შეიცვალა რეგისტრაციის მეთოდი – წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს SMS-ად 24 საათის განმავლობაში გაეგზავნებათ.

მისივე თქმით, ვაქცინის დაჯავშნის პორტალზე ფაიზერის 154.631  თავისუფალი დოზის ჩვენება შეცდომაა.

– რა თქმა უნდა, შეცდომაა, რადგან არ გამოგვიტანია არანაირი დოზები და გამოტანილია 12 ათასი დოზა მეორე რეგისტრაციისთვის, – თქვა ტიკარაძემ.