ახალციხელი მასწავლებლები ბიძინა კულუმბეგოვმა და სხვა ექიმებმა აცრეს

ახალციხელი მასწავლებლები ბიძინა კულუმბეგოვმა და სხვა ექიმებმა აცრესგაეროს ბავშვთა ფონდის ფარგლებში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის შესახებ კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა – ამჯერად, ახალციხის სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

“შეხვედრებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ვაქცინაციას,  წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა: კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და კოვიდ-19-ის გართულებები ბავშვებში; ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ვაქცინაციის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფის ინფორმირებას, როგორიცაა მასწავლებლები და მათ ჩართვას ვაქცინაციის პროცესში.

საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი,” – ნათქვამია იუნისეფის განცხადებაში.

რუსთავი 2