ამირან გამყრელიძე – “წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი!”

ამირან გამყრელიძე - "წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი!"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს და აცხადებს, რომ მთავარი სლოგანი უნდა იყოს – „წადი და აიცერი“.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 907 665 აცრაა ჩატარებული და არსებობს მოლოდინი, რომ აგვისტოში 600 ათასი აცრა ჩატარდება.

„აგვისტოში საშუალოდ აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი გვაქვს 21 655, ბოლო ერთი კვირაა 23 761-ია. სამჯერ მატებაა ივლისთან შედარებით, მაგრამ საკმარისი არაა. სასურველია, ავიდეთ დაახლოებით მუდმივად 25-30 ათასის ფარგლებში. თუ მეტს გავაკეთებთ, კიდევ უკეთესი იქნება. ორ მთავარ ღერძზე გადის პანდემიის შეჩერება – რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია.

დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 907 665 აცრაა ჩატარებული. აქედან სულ მცირე ერთი აცრით 640 703 ადამიანია აცრილი. ორჯერადი აცრა ჩატარებული აქვს 266 962 პირს. აგვისტოში ველოდებით, რომ აცრების რაოდენობა გვექნება 600 ათასის ფარგლებში, რაც ცუდი არ არის, მაგრამ არ არის ძალიან კარგი. გვინდა, რომ იყოს 800-900 ათასი და სექტემბერში ამ მაჩვენებელზე უნდა ავიდეთ, კიდევ უკეთესი იქნება, თუ მილიონ აცრაზე ავალთ და მაშინ ვიტყვით, რომ სერიოზულად გავტეხეთ ეპიდემია ხერხემალში.

18 წლის ზემოთ ერთჯერადი აცრით მოცვა 22.4%-ია, ორჯერადი აცრით გვაქვს 9.3%. ამიტომ ამ მხრივაც არის წინ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ გთხოვთ მედიას, მთავარი სლოგანი იყოს – წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი! აცრა გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. 1000 ჩატარებული აცრა სულ მცირე 1 გადარჩენილი სიცოცხლეა. აცრის გარეშე პანდემია ვერ გაჩერდება. ამას ბუნებრივი განვითარება აქვს და შეიძლება შემცირდეს მაჩვენებლები, მაგრამ იმ მაჩვენებლამდე არ ჩამოვა, რომელიც ჩვენ გვინდა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იპნ