ისინი, ვინც თავს ანტივაქსერებად არ თვლიან, მაგრამ აცრაზე ყოყმანობენ, სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ – ინფორმაციის ნაკლებობა, ფეისბუკში წაკითხული უარყოფითი კომენტარების გავლენა და „სანდო” ვაქცინის ლოდინი. შესაძლოა, აუცრელობის სტატისტიკას დიდწილად სწორედ ეს ადამიანები ქმნიან, ვინც ვაქცინაციას აგრესიულად არ უპირისპირდებიან, მაგრამ აცრასაც არ ჩქარობენ.
11 აგვისტოს სოფო ჭალიძე ფაიზერით პირველ აცრაზე მივიდა.
– ძალიან მიხარია, რომ მოვიშორებ ამ შიშს. ვუფრთხილდები ჯანმრთელობას, მიყვარს სიცოცხლე, მოვუწოდებ ყველას, რომ იგივე გააკეთონ, – თქვა მან.
არადა, თვენახევრის წინ ყოყმანობდა, აუცრელობას გარემოცვითა და სოციალური ქსელების გავლენით ხსნიდა:
– ფეისბუქში ათასი ინფორმაცია დევს, „ანტიც“ და მომხრეც და ასე გამოგაქვს აზრი – რა ვიცით, რა არის, რა ვიცით, როგორ პრობლემებს გამოიწვევს? უშვილობაც გექნება – ასეთ რამეებს ვკითხულობდი. მაინც გღრღნის ცუდად. გარშემო ნათესავ ექიმებს რომ ვკითხე, აი, მანდ მითხრეს – აქამდე რატომ არ აიცერი?!
სოფოსთვის გადამწყვეტი ახლობელი ექიმების მითითება აღმოჩნდა.
რატომ ჯიუტობენ აცრის მოწინააღმდეგეები და რა ფაქტორები უწყობს ხელს მათ აუცრელობას?
– შიშის ფაქტორით არ მინდა გაკეთდეს რამე, უნდა გაკეთდეს თითოეული ადამიანის ნებით. მე რაღაცა მაკლია. შიში მინდა, რომ ჩავიხსნა. ბოლომდე ვერ ვწვდები წამლის შინაარსს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაქვს. მინდა, რომ საკუთარი თავი დავარწმუნო, ფსიქოლოგიური მომენტი მაქვს, რომ მოვამზადო ჩემი თავი, – ამბობს ლელა ელბაქიძე.
ის მოხალისეა, რომელიც სხვებს აცრაში ეხმარება, თუმცა აცრის შიში თავად ჯერჯერობით ვერ მოიხსნა. თავს ანტივაქსერად არ თვლის, მაგრამ ფიქრობს რომ აცრისკენ დაჟინებული მოწოდება ისეთივე ძალადობაა, როგორც აცრებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება:
– ძალიან გამაღიზიანებელია იმ ექიმების მოსმენა, ვინც პირდაპირ აცრისკენ მოუწოდებს. მუქარა მოდის თითქოს – აი, არ აიცრები და ეს მოხდება, რაც ცუდი, არაადამიანური მიდგომაა. არ ზრუნავს იმაზე, რომ ჩემნაირმა ადამიანებმა დადებითად შეხედონ ვაქცინაციას.
ლელა საკმარისად გაერკვა, რომ სხვებს დაეხმაროს რეგისტრაციაში, მაგრამ საკუთარ თავს ჯერჯერობით ვერ აჯობა – აცრაც და აუცრელობაც ერთნაირად აშინებს.
რადიო თავისუფლება, თამუნა ჩქარეული

