ინფიცირებული პატარძლები ბათუმში გავრცელებული კოვიდის შედეგებია.
“პრაიმტაიმი” კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პატარძალს ესაუბრა, რომელიც საკუთარ ქორწილში მეჯვარისგან დაინფიცირდა.
“მე საკუთარ ქორწილში დავინფიცირდი, ბათუმში, რესტორანში. ჩემი ქმრის მეჯვარისგან გადამედო ვირუსი. სახლში ვარ, მძიმედ არ ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაინც ძალიან დავიძაბე.
სიმპტომები ჩემი ქორწილიდან მესამე დღეს გამომივლინდა. სიცხე მქონდა და სუნთქვა მიჭირდა.
სანანებელი გამიხდა დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სტუმრებსაც გადავდეთ და ძალიან ვნანობ, რომ ისე მოვიქეცი, არ გავითვალისწინე პანდემია.
ხალხო ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი აარიდეთ თავშეყრას, ჩემი შეცდომა მაგალითი იყოს თქვენთვის, მე მამიდაშვილი დავაინფიცირე, მე კი მეჯვარემ გადამდო. ახლა ჩემს მამიდაშვილს ფილტვების დაზიანება აქვს, ძალიან ვნანობ ყველაფერს…
თაფლობის თვეც ჩამეშალა, ყველაფერი გართულდა.” – ამბობს ინფიცირებული პატარძალი.
„პრაიმტაიმს“ ბათუმის სამშობიარო სახლში განუცხადეს, რომ, 6 აგვისტოს მონაცემებით, მათთან 31 ორსული ქალი გადის მკურნალობას.
„31 პაციენტიდან 16 ქალს აქვს სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხოლო 15-ს ჟანგბადის მიწოდებაც სჭირდება. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ოთხი ადამიანი კი საკუთარ ქორწილში დაინფიცირდა“, – გვითხრეს კლინიკაში.
პრაიმ ტაიმი

