„კაფეში ვმუშაობდი იმ დღესაც…“ – ვინ არის გოგო, რომელმაც ინგლისურში 80 ქულა აიღო

„კაფეში ვმუშაობდი იმ დღესაც…“ – ვინ არის გოგო, რომელმაც ინგლისურში 80 ქულა აიღო„იმ დღესაც კაფეში ვმუშაობდი, როცა ინგლისურში გამოცდის შედეგები გამოცხადდა და ამის შესახებ მოგვიანებით გავიგე“, – ამბობს ლიკა რუსია. მან ინგლისურში მაქსიმალური 80-დან 80 ქულა აიღო. ლიკა ბათუმელია და სწავლის დაწყებამდე კაფე „k2“-ში მუშაობს მიმტანად.

„თურმე სახლიდან მირეკავდნენ ტელეფონზე და ვერ დამიკავშირდნენ. მერე მოუფიქრებიათ და მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნეს საგამოცდო ცენტრში. მალევე მიუღიათ პასუხი – 80 ქულა. მაშინვე მამაჩემი სახლიდან გამოიქცა და კაფეში მომაკითხა… თავიდან ყურადღება ვერც კი მივაქციე, ხალხს ვემსახურებოდი, მერე დამიძახა, ნახე, ინგლისურის გამოცდის შედეგიო? არა-მეთქი და გაოცდა. 80 ქულა აგიღია შენო, ძალიან გახარებული იყო… დაბნეული ვიყავი, სამსახურში მომილოცეს მერე ერთხმად.“

ლიკამ ბათუმის პირველი საჯარო სკოლა დაასრულა და ფილოსოფიაზე აბარებს. ის საფრანგეთში წასვლას აპირებს. უნდა, რომ რეჟისორი გახდეს.

როგორ შეიძლება ინგლისურის შესწავლა ეფექტურად?

ლიკა ფიქრობს, რომ საუკეთესო შედეგის მომცემი ბევრი გადაცემის, სერიალის, ფილმის, ან პოდკასტის მოსმენაა ინგლისურ ენაზე – როცა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ხშირად უსმენ, უცხო ენა შენთვისაც მშობლიური ხდება.

„ბათუმელები”