თემურ თოლომაშვილი – “თვითმფრინავი რომ დავსვი, სტრესი მერე ვიგრძენი” – რა ხდებოდა თბილისი-ვენის ბორტზე

თემურ თოლომაშვილი - "თვითმფრინავი რომ დავსვი, სტრესი მერე ვიგრძენი" - რა ხდებოდა თბილისი-ვენის ბორტზე

– 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია.

ამის შესახებ თბილისი-ვენის ავიარეისის პილოტმა, თემურ თოლომაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „ახალი დღე“ განაცხადა.

უფროსმა პილოტმა გაიხსენა, როგორ დასვა მან 5 სექტემბერს ბოინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

„აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები. სიგნალიზაცია მანიშნებს, აიკეცება თუ არა. როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა. ჩვენ გვაქვს სახელმძღვანელო, სადაც წერია, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ და დავიწყეთ ამის შესრულება. ამას ვაკეთებდით სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში.

გადავეცით მეთვალყურეებს, რომ არ შეგვიძლია სიმაღლის აღება და ვერც განვაგრძობდით ფრენებს, ვერც დაშვებას განვახორციელებდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა იყო და როგორ იყო.

მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს, საწვავი იმდენი არ მაქვს, რომ მეყოს დანიშნულების ადგილამდე. ამიტომ უნდა დავბრუნდეთ ან სათადარიგო აეროპორტში, ან იქ, საიდანაც ავფრინდით“, – განაცხადა პილოტმა.

თოლომაშვილის თქმით, ეკიპაჟის წევრებმა კოორდინირებულად იმოქმედეს.

„ამ დროს მგზავრებმა უნდა იცოდნენ, რა ხდება. ჩვენ ეს გავაკეთეთ, გამოვუცხადეთ. ზოგს შეეშინდა, ზოგმა ნორმალურად მიიღო. ჩემ გვერდით იყო პირველი ოფიცერი გიორგი გიუნაშვილი, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი ამ სიტუაციას, ძალიან მეხმარებოდა.

სტრესი იმ მომენტში არ მქონია, უფრო მეტი სტრესი იყო, რომ დავჯექით, იმის შემდეგ.

უკვე 35 წელია, რაც მფრინავი ვარ, და ამ ტიპის შემთხვევა არ მქონია. უფრო ნავიგაციური სისტემების შეზღუდვა მქონია. ეს არის არასტანდარტული სიტუაცია და არა ავარიული დაშვება. ეს იყო პირველი და იმედია, უკანასკნელი შემთხვევა“, – განაცხადა თემურ თოლომაშვილმა.

პირველი არხი