დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, დიდი პარკი გაშენდება

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, დიდი პარკი გაშენდებადიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ადრე გასხვისებულ, თუმცა ამჟამად უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პარკი გაშენდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.

აღნიშნული შეხვედრა მირიან მეფის ქუჩაზე, მესამე მიკრორაიონში, მე-3 კორპუსთან, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, სადაც, როგორც ეს კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული გამოწვევების დაძლევის შედეგად, მრავალფუნქციური პარკი გაშენდება.

„გარკვეული პრობლემების მიუხედავად, შედეგი მივიღეთ და ტერიტორია უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და როგორც მაშინ დაგპირდით, აქ აშენდება რეკრეაციული სივრცე, დასასვენებელი პარკი. ეს იქნება სარბენი ბილიკები, ველობილიკები, მწვანე სივრცეები, ატრაქციონები, ფიტნეს სივრცეები, აქ ეს ყველაფერი იქნება გაკეთებული, როგორც სხვა შემთხვევებში ვაკეთებთ ხოლმე. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ მწვანე სივრცეების განვითრებაზე. რაც გასხვისებული იყო, იმის დაბრუნებაც მოვახერხეთ და იცით, ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგალითად ვაკის პარკის. ასევე, „გუდვილის“ წინ ანბანის სკვერში, გახსოვთ, კონკრეტული შენობა-ნაგებობის ჩადგმას აპირებდნენ და გავაჩერებინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ძველი ფეხბურთის მოედანი მდებარეობდა, მიმდებარე ტერიტორიას კი რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა. დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროცესში ჩაერთო ქალაქის მთავრობა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, შედგა შეთანხმება ადგილმონაცვლეობის შესახებ. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე (10 000 კვ.მ) პარკი გაშენდება.
იმედინიუსი