კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ შეიძლება, გახარია თბილისის მერი ვერ გახდეს, მაგრამ მას ექნება გავლენა თბილისის მერზე, მერის გადაწყვეტილებებზე.
– როგორ?
– მაგალითად, საკრებულოში მოპოვებული კარგი შედეგის საფუძველზე. გახარია იბრძოლებს არა პირველი ადგილისთვის, არამედ თბილისზე, გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკურ პროცესზე გავლენისთვის.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ გახარიას მიზანი უფრო სხვა რამეა, ვიდრე პროცესებზე გავლენა, თუნდაც ჩააჩოჩოს ნაციონალური მოძრაობა და მიიღოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი?
– გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის გამორიცხული და ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა. მაგრამ, რამდენიმე თვეში ეს რომ შეძლო, მაშინ ძალიან ძლიერი რესურსი უნდა გქონდეს.
– მთელი ეს პერიოდი არჩევნები ორპოლუსიანია. ეს მოცემულობა რამდენად შეიცვლება?
– ვერ შეიცვლება, რადგან მთავარი პოლიტიკურ ძალები თავიანთ სტრატეგიას სწორედ ამ ორპოლუსიანობაზე აგებენ, რადგან ეს მოცემულობა აწყობთ. დღესაც ვუყურებთ, “ქართულ ოცნებას” მთელი წინასაარჩევნო კამპანია როგორ აქვს აგებული ნაციონალურ მოძრაობაზე და პირიქით – ნაციონალურ მოძრაობას – “ქართულ ოცნებაზე”, რასაც, რა თქმა უნდა, მათი მხარდამჭერები იზიარებენ.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა