“გახარია თბილისის მერი ვერ გახდება, მას სხვა მიზანი აქვს” – ლევან ალაფიშვილი

"გახარია თბილისის მერი ვერ გახდება, მას სხვა მიზანი აქვს" - ლევან ალაფიშვილიკონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ შეიძლება, გახარია თბილისის მერი ვერ გახდეს, მაგრამ მას ექნება გავლენა თბილისის მერზე, მერის გადაწყვეტილებებზე.

– როგორ?

– მაგალითად, საკრებულოში მოპოვებული კარგი შედეგის საფუძველზე. გახარია იბრძოლებს არა პირველი ადგილისთვის, არამედ თბილისზე, გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკურ პროცესზე გავლენისთვის.

– ხომ არ ფიქრობთ, რომ გახარიას მიზანი უფრო სხვა რამეა, ვიდრე პროცესებზე გავლენა, თუნდაც ჩააჩოჩოს ნაციონალური მოძრაობა და მიიღოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი?  

– გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის გამორიცხული და ამ საკითხზე შეიძლება მსჯელობა. მაგრამ, რამდენიმე თვეში ეს რომ შეძლო, მაშინ ძალიან ძლიერი რესურსი უნდა გქონდეს.

– მთელი ეს პერიოდი არჩევნები ორპოლუსიანია. ეს მოცემულობა რამდენად შეიცვლება? 

– ვერ შეიცვლება, რადგან მთავარი პოლიტიკურ ძალები თავიანთ სტრატეგიას სწორედ ამ ორპოლუსიანობაზე აგებენ, რადგან ეს მოცემულობა აწყობთ. დღესაც ვუყურებთ, “ქართულ ოცნებას” მთელი წინასაარჩევნო კამპანია როგორ აქვს აგებული ნაციონალურ მოძრაობაზე და პირიქით – ნაციონალურ მოძრაობას – “ქართულ ოცნებაზე”, რასაც, რა თქმა უნდა, მათი მხარდამჭერები იზიარებენ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა