პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე დმანისში დღეს მომხდარ დაპირისპირებასა და ადამიანების დაჭრის ფაქტზე პასუხისმგებლობას ,,დეგენერატ დამნაშავესა” და კრიტიკულ ტელევიზიებს აკისრებს.
რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს არის კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდა, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, როცა ვიღაცა დეგენერატმა მეორე კაცი დაჭრა? მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?
პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ, იმ მუდმივ ძალადობაზე, ბოროტებაზე, რაც ყოვედღიურად გადმოედინება თქვენი არხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თქვენმა ბინძურმა ტელევიზიამ, თქვენი ტელევიზია ბინძურია – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტვ პირველთან საუბრისას.
ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველა პარტიის საარჩევნო შტაბს, რომ მათ შეძლონ თავიანთი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაწყნარება, რათა კონფლიქტი და დაპირისპირება არ მოხდეს.
დმანისში დღეს ,,ნაცმოძრაობის” წევრებს თავს დაესხნენ. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, კახა ოქრიაშვილი “პირველებთან” საუბარში აცხადებს, სისხლიან დაპირისპირებაში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი, მონაწილეობდა. დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ტვ პირველი

