დმანისში ოპოზიციის 2 წევრი დაჭრეს

დმანისში ოპოზიციის 2 წევრი დაჭრესდმანისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ.

დაპირისპირება მმართველი გუნდის შტაბიდან რამდენიმე მეტრში მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გიორგი ტატუაშვილი, კახა ოქრიაშვილთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა.

კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის წევრებს თავს დავით დაუთაშვილი და ზურაბ ოკმელაშვილი დაესხნენ. დავით დაუთაშვილი  დმანისში, სოფელ განთიადში, “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის, შვილია.

ოპოზიციის კანდიდატები ცივი იარაღით არიან დაჭრილები.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, თავდასხმა სუსის აგენტების მიერ იყო დაორგანიზებული, მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

“სუსის დაგეგმილი, დაორგანიზებული და მისივე აგენტების მიერ განხორციელებული თავდასხმა ვნახეთ ჩვენ. თითოეული ადამიანი მიმართული იყო იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო კამპანია არ ჩატარებულიყო და შიში დაენახა. არავის ეშინია სუსის და არც სუსის თანამშრომლების, – თქვა გიორგი ტატუაშვილმა.
თავდასხმაში მაჟორიტარი დეპუტატის შვილის მონაწილეობას თავად “ოცნების” კანდიდატი უარყოფს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

– კახა ოქრიაშვილის დაგეგმილი თემა იყო, გამოიარეს სიგნალებით, შეურაცხყოფებით. ჩემი შვილი მე დღესაც არ მინახავს და როგორ გაარკვიეთ,  რომ ჩემი შვილი იყო არ ვიცი და თუ ეგრე მიაჩნიათ თვითონ, რომ მაინცდამაინც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი, მაგრამ იქნებ მიამსგავსეს, ფაქტია, რომ არ ყოფილა – განაცხადა მიხეილ დაუთაშვილმა.

მთავარი