“07:15 საათზე საკანში გელა უმიკიშვილი ცოცხალი იყო, 15 წუთში კი პოლიციას გარდაცვლილი დახვდა” – რა მოხდა თესალონიკის ციხეში

"07:15 საათზე საკანში გელა უმიკიშვილი ცოცხალი იყო, 15 წუთში კი პოლიციას გარდაცვლილი დახვდა" - რა მოხდა თესალონიკის ციხეში26 აგვისტოს, თესალონიკში ქართველმა პატიმარმა ემიგრანტმა გელა უმიკიშვილმა სიცოცხლე საკანში სუიციდით დაასრულა.

23 აგვისტოს 48 წლის გელა უმიკიშვილმა საკუთარი პარტნიორი, 55 წლის ქალი, დანით მოკლა.

თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ამბის დეტალებს ყვება:

– 2021 წლის 23 აგვისტოს მკვლელობაში ბრალდებული საცხოვრებელ ბინაში თავს თავის პარტნიორ ქალს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აფექტის მდგომარეობაში ის დანით თავადაც იყენებდა თვითდაზიანებებს ხელის არეში. შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ საბერძნეთის პოლიცია ბრალდებულს 7 საათის განმავლობაში ეძებდა. დღის ბოლოს კი ის თესალონიკის სანაპიროზე დააკავეს. პოლიციაში მიყვანის შემდეგ მას ჭრილობები დაუმუშავეს. 24 აგვისტოს, ბრალდებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობების დამუშავება და სახვევების დადება.

26 აგვისტოს 07:15 საათზე, პოლიციის მიერ განხორციელებული შემოვლის დროს, მკვლელობაში ბრალდებული ცოცხალი იყო, ხოლო 15 წუთში, განმეორებითი შემოვლის დროს, ბრალდებული პოლიციას უკვე გარდაცვლილი დახვდა. მან ხელზე არსებული სახვევებით თავი მოიკლა.

პოლიციის მიერ საკანში აღმოჩენილ იქნა ბრალდებულის მიერ დედისა და ძმის სახელზე, ქართულ ენაზე დაწერილი წერილი.

პრაიმ ტაიმი