კორონავირუსისგან განკურნებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, მილპარკ ჰოსპიტალსში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო.
მაისაშვილმა მძიმე პერიოდზე “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, რომლებმაც ლოცვა არ შეაჩერეს.
6 ივლისს მომათავსეს ჰოსპიტალში, 8 რიცხვიდან უკვე აღარაფერი მახსოვს. 28 დღე გათიშული ვიყავი, აპარატი ფილტვებს ბერავდა 100 პროცენტით და სატურაცია 80 პროცენტზე ვერ აჰყავდათ. ბევრჯერ უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას იქაურმა ექიმებმა, ამ ღამეს ვერ გაატანსო. ერთადერთი ვახტანგ რეხვიაშვილი იყო, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოვძვრებოდი.
ვარ ერთი დოზით აცრილი. ორი დოზით აცრა ვერ მოვასწარი, ვადებში ვერ ჩავეტიე, რადგან მომიწია გამგზავრება. ვინც აცრილი იყო, მათ ეს პრობლემა არ ჰქონიათ” – ამბობს მაისაშვილი.
ლევანი ამჟამად რეაბილიტაციას გადის, რათა ფილტვების ფუნქციის სრულად აღდგენა მოხდეს.
“თვალი რომ გავახილე, მთელი მედპერსონალი შოკში იყო. 10 დღეში უკვე გამოვკეთდი. აქ ჩამოსვლის დღიდან სატურაცია დალაგებული მაქვს, ჟანგბადი აღარ მჭირდება. წნევებიც დამირეგულირდა. ამჟამად ფილტვებს უნდა სერიოზული რებილიტაცია” – აღნიშნა მაისაშვილმა.
ლევან მაისაშვილის მეუღლე სალომე ისიანი:
“არ დამიშვია, რომ ლევანს რაიმე გაურთულდებოდა. არ მახსოვს, წამალი დაელიოს, არც ერთი ავადმყოფობის დროს არ ჩაწოლილა. თუმცა ისე მიეწყო, რომ არალოგიკური რაღაცები ხდებოდა, ისე მძიმდებოდა. ძლიერმა იმუნიტეტმა უფრო არ დაიცვა მე მგონი, ვიდრე დაიცვა. უჩვეულო რაღაც მოხდა.”
ამბები

