„არასწორია, რომ ყველას ყველაფერი აპატიო, ზოგჯერ უნდა მოვიკვეთოთ ადამიანი“ – მიტროპოლიტი შიო

„არასწორია, რომ ყველას ყველაფერი აპატიო, ზოგჯერ უნდა მოვიკვეთოთ ადამიანი“ – მიტროპოლიტი შიო2021 წლის 17 ოქტომბერს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთ-ერთმა ქორეპისკოპოსმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

ღმრთისმსახურების განსრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ წარმოთქვა ქადაგება, რომელშიც განაცხადა:

“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან.

და გახსოვთ რას ამბობს უფალი? ,,იყოს ასეთი ადამიანი შენთვის, როგორც წარმართი, მებაჟე და მეზვერე!” თუ რას ნიშნავს ებრაელისთვის წარმართი, მებაჟე და მეზვერე, თქვენ მშვენივრად გემახსოვრებათ: როდესაც ებრაელი ხვდებოდა მეზვერეს ან წარმართს ქუჩაში, იგი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა”, – აღნიშნა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.