შეუძლოდაა, დამტვრეულია, საუბარი არ შეუძლია, – ამის შესახებ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანი ქალის, ინგა მეკეიძის მეუღლე, რამაზ დაულაძე ჟურნალისტებთან აცხადებს.
მისივე თქმით, ნანგრევებში რჩებიან მათი შვილები, რომელთა ხმაც სავარაუდოდ, ისმის.
– ღმერთის წყალობით, ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც ამოვიყვანთ. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, არ ვიცი, არ მინახავს არცერთი, – განაცხადა მან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.
ბათუმის რეფერალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი თამარ მხატვარი ამბობს, რომ 35 წლის ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, უმძიმეს მდგომარეობაშია.
– ურთულეს სიტუაციაში ვართ, პაციენტია შემოყვანილია უმძიმეს მდგომარეობაში, მას გაუჩერდა გული, მაგრამ მისი ამუშავება მოვახერხეთ, – განაცხადა თამარ მხატვარმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები კვლავ აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.
იპნ

