დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ერთ კვირაში 10-ათასზე მეტმა მოსწავლემ მოითხოვა

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ერთ კვირაში 10-ათასზე მეტმა მოსწავლემ მოითხოვა4 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლების შემდეგ, მოსწავლეთა მშობლებს სურვილისამებრ, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ. სწავლის სკოლებში დაწყების დღისთვის, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც უარი თქვა სკოლაში წასვლაზე და დისტანციური სწავლება აირჩია 23 994-ს შეადგენდა.

მშობლებს დისტანციური სწავლების გაუქმებისა და არჩევის შესაძლებლობა ყოველ ხუთშაბათ დღეს აქვთ და ამის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან ერთ კვირაში შეცვლილი მაჩვენებლები მოითხოვა.

როგორც 15 ოქტომბერს, ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზნით დამატებით 10 457 პირი დარეგისტრირდა. გაუქმების სურვილი და ისევ დასწრებულ რეჟიმში დარჩენა კი, იქამდე არსებული 23 994-დან მხოლოდ 1 448-მა გამოთქვა. ეს მონაცემები 8 ოქტომბრიდან 15-ოქტომბრის ჩათვლით არსებული მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ რეგიონების მასშტაბით, ყველაზე დიდი რიცხვი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნით კახეთიდან არის: გურჯაანი 1634, თელავი 1584.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, დისტანციური სწავლება ერთ კვირაში 4 992-მა მოსწავლემ მოისურვა. ყველაზე დიდი გაუქმების მაჩვენებელიც თბილისზე მოდის და 1 448 მოსწავლიდან, კვლავ დასწრებული სწავლების ფორმატზე გადასვლისთვის 926 პირი დარეგისტრირდა.