ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ქმარი მეუღლის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს

ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ქმარი მეუღლის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს2020 წელს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი მამუკა ნაჭყებია ცოლის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს და საქართველოს მთავრობას, საქართველოს საპატრიარქოსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებისთვის მიმართავს.

გარდაცვლილის ქმარმა ვიდეომიმართვა 18 ოქტომბერს ჩაწერა.

„მოგმართავთ თხოვნით, გადმომასვენებინოთ ცირა საქართველოში. როდესაც ესპანეთში ვიყავი [ცოლის გარდაცვალებისას], თქვენი მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ ცირა არ დაგვეწვა და ის დაეკრძალათ. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მაგრამ დადგა ის დრო, როცა ჩემი შვილები დღედაღამ მთხოვენ, რომ დედა ჰყავდეთ საქართველოში. ამის მოთმენა აღარ შემიძლია. ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ, ბავშვებს ვატყუებ, ხან ისე, ხან ასე… მოგმართავთ თხოვნით, ცირა ჩამომასვენებინეთ საქართველოში“.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში 2020 წლის 2 მარტს მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისათვის განკუთვნილი თანხა ცოლ-ქმარმა ახლობლებისა და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით შეაგროვა. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით იგი სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.

ცირა მადრიდრის სასაფლაოს აკლდამაში 2020 წლის 27 მარტს დაკრძალეს. ცირა ალიხანაშვილის საქართველოში გადმოსვენების ერთადერთი გზა მისი კრემაცია იყო, თუმცა ოჯახმა კრემაციაზე უარი თქვა და მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართა.

„19 თვეა, ჩვენი ხუთი შვილი დედის საფლავზე მიყვანას მთხოვს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა ნაჭყებია.

ცირა ალიხანაშვილის მული ხათუნა ნაჭყებია, რომელიც რამდენიმე წელია ესპანეთში ცხოვრობს, 19 ოქტომბერს მადრიდში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა.

საკონსულოს თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ შესაძლოა, მისი რძლის სამშობლოში გადმოსვენება მარტში ანუ გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე მოხერხდეს.

ნოსტალ ჯი