პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენ

პარლამენტის შენობის ერთ კორპუსზე სართულის დაშენებას გეგმავენთბილისში, პარლამენტის შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე, დაგეგმილია თითო სართულის დაშენება მსუბუქი კონსტრუქციით. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, მე-7 სართულზე დაშენება არარეკომენდებულია.

რაც შეეხება მე-3 სართულის აივნებს, დაშენება შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში.

პარლამენტის აპარატმა „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, დოკუმენტაცია „უნდა მომზადდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან [ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2022 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან] არაუგვიანეს 120 დღის ვადაში.“

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მე-7 სართულზე დაშენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცენტრალური ფლიგელი შესაბამისად გამაგრდება. ასეთი გამაგრების სამუშაოების ხარჯი კი, გადააჭარბებს ახალი შენობის აშენებისთვის საჭირო თანხას. ამიტომ გამაგრება-დაშენება ამ შემთხვევაში არარენტაბელურია.