ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკის მიზეზებზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, ამას რამდენიმე ახსნა აქვს, მათ შორის არაიმუნური მოქალაქეების არსებობა და მოხსნილი შეზღუდვები.
კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 წელში 10-13 ათასამდე კოვიდით დაიღუპება.
“სტატისტიკის გაზრდას მარტივი ახსნა აქვს – ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი არაიმუნური მოქალაქე, რომელთაც არ გადაუტანიათ ინფექცია და არ გაუკეთებიათ ვაქცინა, ანუ ხელოვნური იმუნიტეტი არ აქვთ. ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის “დელტა” ვარიანტთან, რომლის დროსაც საშუალოდ 1 ადამიანის ავადობა 9 ადამიანის ტოლფასია და ამავე დროს გვაქვს შემსუბუქებული ან პრაქტიკულად მოხსნილი რეგულაციები. მეტს არაფერს უნდა მოველოდეთ, გარდა იმისა, რაც ახლა გვაქვს.
შეზღუდვების განახლება უმძიმეს ეკონომიური სიდუხჭირისკენ წაგვიყვანს. აქ არის ასეთი შესაძლებლობა – ერთის მხრივ ბუნებრივად თუ გავყვებთ ამ პროცესს, რისი ნიშნებიც არის. ადამიანები ავადდებიან, ჩვენ 75%-იანი იმუნიტეტის მიღწვისთვის მილიონნახევარი ადამიანის ან დაავადება ან იმუნიზაცია გვჭირდება.
ახლა რას ნიშნავს ეს, თუ მილიონნახევარი ადამიანი ავადობას გადაიტანეს, ამას 10-11 თვე დასჭირდება. ანუ 1 წელი კიდევ ამ დღეში ვიქნებით. რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, არ სიამოვნებს ხალხს, მაგრამ უნდა ვთქვა – ახლა არის 1,5%. ანუ 11 თვის განმავლობაში მილიონნახევარი ადამიანი თუ გადაიტანს ინფექციას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებით 10-13 ათასი კიდევ ადამიანი დაგვეღუპება.
და ჩვენ შეგვიძლა 3 თვეში მილიონნახევარი ადამიანი ორჯერადად ავცრათ, სიკვდილონობა შევამციროთ, ასევე ჰოსპიტალიზაცია და ყოველდღიური ავადობა. ეს არის ალტერნატივა. ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურად 30-40- ათასი დოზა ყოველდღიურად გავაკეთოთ. 3 თვეში ჩვენ ფონს გავალთ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა ამას არ აკეთებს” – ამბობს კულუმბეგოვი “დილის შოუში”.

