ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ, გოჩა ხარატიშვილმა სოციალური მდგომარეობის გამო ორჯერ თვითმკვლელობა სცადა.
ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:
„ვცხოვრობ 4 კვ მ ფართში, უმძიმეს პირობებში, სადაც არ არის სველი წერტილები: წყალი, შხაპი და არც ტუალეტი!
ჩემი მისამართია დაბა კოჯორი, იუნკერთა ქუჩა N-38, ბენეფიციართა სახლის პირველი სართული.
ვარ სოციალურად დაუცველი და მხოლოდ 60 ლარის იმედად ვიმყოფები ეს მარტოხელა ავადმყოფი, გაუბედურებული ადამიანი.
უკვე დეპრესიაში ჩავვარდი ამ უმძიმესი ყოფისგან და ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, ნათურის პატრონაში ხელის შეყოფით, მაგრამ ორჯერვე სინათლე ჩაქრა მოულოდნელად… ვერ ამიხსნია, როგორ გადავრჩი, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს თავის მოკვლა ვამჯობინე… მესამედ, ალბათ, აღარ მაპატიებს უფალი…
ეს კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობ, ნახევრად ავარიულია. საძირკველში დაბლა დიდი რაოდენობით წყალია დაგროვილი. დიდი ხნის წინ აშენებულია ეს კორპუსი.
ბოლო დროს ამირჩიეს საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ, რადგან მე ვიყავი ამ კავშირის შექმნის ინიციატორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაგრამ რად გინდა – ჩემი რამდენიმეწლიანი მცდელობა იმ მიზნით, რომ საცირკო ხელოვნება – როგორც სფერო – შეეყვანათ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, ამაო გამოდგა. შემდეგ პანდემიამ დაისადგურა დედამიწაზე და ცირკისთვის ვინღა მოიცლიდა.
მინდა ვთხოვო ბიზნესმენებს, ყველა ქველმოქმედსა და სიკეთის მთესველს: დამეხმარეთ, რისი საშუალებაც გაქვთ, საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით… არაფერი გამაჩნია!
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კი, უმორჩილესად ვთხოვ, დაინტერესდეს კოჯრის ბენეფიციართა სახლის პრობლემებით.“

