მწვანე პასპორტის მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც კოვიდის მართვისთვისაა დაწესებული, ძალაში დარჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, „მწვანე პასპორტი“ ვერცერთ დაწესებულ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.
„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობა გაიზარდოს. ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ, ე.წ. მწვანე საშვის, მწვანე პასპორტის მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ეპიდემიურ უსაფრთხოებაზე დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, ვაქცინაციაზე მოთხოვნას. ეს რამდენად იქნება დადებითი სტიმული ვაქცინაციის ქცევისთვის, რთული სათქმელია. მწვანე პასპორტის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაწესებულია კოვიდის მართვისთვის, ძალაში რჩება. მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთ რეგულაციას“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, „მწვანე საშვი“ არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა.
„მწვანე საშვის“ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებლივი შედეგი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს მოსამზადებლად, იმისთვის, რომ თუ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, აიცრან. „მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი „მწვანე საშვის“ მექანიზმი ამოქმედდება, უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დღეში 30 ათას აცრას დაუბრუნდება. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. ეს არის ერთ-ერთი საშუალება“, – განაცხადა გაბუნიამ.
იმედინიუსი

